საომარი მოქმედებების მეთერთმეტე დღე უკრაინაში

უკვე მეთერთმეტე დღეა უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ირპენში რუსმა სამხედროებმა ნაღმტყორცნების გამოყენებით მშვიდობიან მოსახლეობას ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ხარკოვი. ბომბები ქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან შენობას, დაბომბილია ხარკოვთან სამხედრო დასახლებაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი. უკრაინის გაერთიანებულმა ძალებმა რუსეთის არმიის კოლონები შეაჩერეს, რომლებიც ბალაკლეადან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ წინსვლას ცდილობდნენ. ოპერაციის დროს, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტექნიკა და სამხედროები გაანადგურეს. მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი მარიუპოლშიც, სადაც დღეს ადგილობრივი დროით 12 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჟიტომირის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების, „ჯაველინის“ და „ნლავის“ საწყობი გაანადგურეს. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი გადავიდა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი გახდა. საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ხვალ, 7 მარტს გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად შედგება მოლაპარაკება ან რა საკითხების განხილვა იგეგმება მხარეებს შორის.