საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სომხეთის ორი, „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო. ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის სამხედრო ავიაცია აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვას გუბადლის მიმართულებაზე აპირებდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთის იერიშების შედეგად 27 სექტემბრის შემდეგ 90 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 392 კი, დაშავდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს ტელეფონით აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სომხეთს 30 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი და ტყვედ ჩავარდნილი ორი სამოქალაქო პირი გადასცა. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბვაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშებს შედეგად შენობები დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა. სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანს საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, რუსეთმა 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟენევაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო და 30 ოქტომბერს გაიმართება.