უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიის წაღებით, არამედ სურს, დაიცვას საკუთარი ხალხი.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია არ აძლევს საშუალებას რუსეთს, დამატებითი ძალები გააგზავნოს დონეცკის ოლქში და ართულებს რუსეთის არმიის ლოგისტიკას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის კურსკის ოლქიდან უკრაინის სუმის ოლქზე 2 000-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, გამოყენებული იყო მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტები. მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა კურსკის ოლქის ბოლშე-სოლდაცკის რაიონში. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელი ვლადიმირ ზაიცევი წერს. „ჩვენს რაიონში ევაკუაცია დღევანდელ დღემდე არ ყოფილა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“, – აცხადებს ზაიცევი. რეგიონის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ ხალხს წასვლა არ სურს. ცნობისთვის, კურსკის ოლქში მდებარე ბოლშე-სოლდაცკის რაიონი არ მდებარეობს უკრაინის საზღვართან. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დასავლელ კოლეგებს დაუშვან რუსეთის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება. როგორც ანონიმური წყაროები მედიასთან საუბრობენ დიდ ბრიტანეთში, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და უკრაინას კვლავ არ აქვს უფლება რუსეთის სიღრმეში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები გამოიყენოს. ცნობილია ისიც, რომ კურსკის ოლქზე თავდასხმისას კიევმა შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენების თხოვნით ვაშინგტონსაც მიმართა და უარი მიიღო.