საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის - მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება
ისრაელის მიერ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის შედეგად კი დაღუპულია ტელევიზიის სამი თანამშრომელი. იერიშს წინ უძღოდა გაფრთხილება – ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ მოუწოდეს იმ რაიონის მოსახლეობას, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა მდებარეობს. საპასუხოდ, ევაკუაციისკენ მოუწოდა ისრაელის ორ ტელეარხს ირანის ხელისუფლებამ. ირანში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე, 224 ადამიანი დაღუპული. ისრაელში კი 24 პირი. ირანში აცხადებენ, რომ ბრძოლის შესაჩერებლად ვაშინგტონიდან ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისია, ისრაელში კი აღნიშნავენ, რომ ისინი სრულად აკონტროლებენ ირანის საჰაერო სივრცეს და სრული გამარჯვების გზაზე დგანან.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების შესახებ „დიდი შვიდეულის” ლიდერებმა სამიტის პირველი დღის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. „ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ჩვენ კიდევ ერთხელ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ასევე, ვადასტურებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. ჩვენ მუდმივად ნათლად ვაცხადებდით, რომ ირანს არასდროს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ირანის კრიზისის მოგვარებამ გამოიწვიოს საომარი მოქმედებების უფრო ფართო დეესკალაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. ყურადღებას გამოვიჩენთ საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ამ შედეგების მიმართ და მზად ვართ კოორდინაციისთვის, მათ შორის მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში. როგორც „სიენენი” წერს, განცხადებამ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა კორექტირების შემდეგ მოიპოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მოუწოდებს ყველას, დატოვონ თეირანი. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა და შეთანხმების დადების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ირანს უნდა მოეწერა ხელი იმ შეთანხმებაზე, რომელზეც მე ვუთხარი. რა სირცხვილი და ადამიანების სიცოცხლის ფლანგვაა. მარტივად რომ ვთქვათ, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არაერთხელ მითქვამს! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი!“, – წერს დონალდ ტრამპი. განცხადებიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა “დიდი შვიდეულის” სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა. თეთრი სახლის განცხადებით, მიზეზი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარებაა.