საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება. გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა. რაკეტა მოხვდა სოროკას საავადმყოფოს. იერიშები ასევე განხორციელდა თელ-ავივზე, რამათ-განსზე. იერიშების შედეგად 65 ადამიანია დაშავებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება. მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს. ხოლო ისრაელი ადასტურებს არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაში ჩართული იყო 40 გამანადგურებელი, რომელთა სამიზნეც ათობით სამხედრო პუნქტი იყო, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ასაწყობი ადგილები. თავდასხმის შედეგად რადიაციის საფრთხე არ არსებობს და ხალხის ევაკუაციაც იერიშამდე განხორციელდა. მანამდე ისრაელმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ობიექტზე თავდასხმას აპირებდა და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.