საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

უკვე მეხუთე დღეა ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, სადაც თვითმხილველები ქალაქის ცენტრში დაკვამლიანებაზეც საუბრობენ. ასევე ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ ღამით, წერტილოვანი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შტაბის უფროსი ალი შადმანი მოკლეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.  თავის მხრივ, ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატსა და მოსადის ცენტრს დაარტყეს. ისრაელის მხარეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია. თუმცა, ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული ღამის შემდეგ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 154 დაშავებულია საავადმყოფოში გადაყვანილი. საერთო ჯამში, გასული ხუთი დღის განმავლობაში ისრაელის დანაკარგი 24-ს შეადგენს, ირანში კი დაღუპულია 450  და დაშავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი. ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისრაელს მათთან ხანგრძლივი ომის წარმოება გაუჭირდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ირანის სულიერ ლიდერს აფრთხილებს, რომ მან შესაძლოა სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.