საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

უკვე მეხუთე დღეა ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული მორიგი იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები ავტობუსის სადგომთან ჩამოვარდა. შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებზე მაშველები მუშაობენ. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში ისრაელელმა სამხედროებმა ირანიდან გაშვებული 30 დრონის ჩამოგდება შეძლეს. ასევე ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ ღამით წერტილოვანი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შტაბის უფროსი, ალი შადმანი მოკლეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ.