ირანსა და ისრაელს შორის საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება III“-ის ახალი ფაზის ფარგლებში, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ოპერაციის მეთვრამეტე ტალღა ღამის 3 საათზე დაიწყო, რომლის ფარგლებში, სარაკეტო იერიში განხორციელდა თელ ავივის წინააღმდეგ. ირანული მედიის თანახმად აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ჰაიფას მახლობლად. ირანში აცხადებენ, რომ შეტევის სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და ოპერაციული მხარდაჭერის ცენტრები. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 ივნისის შემდეგ, ირანში ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირის ბრალდებით, 22 ადამიანი დააკავეს. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ რომ ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის ქალაქ ყუმზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ პალესტინური დანაყოფის უფროსი, საიდ იზადია მოკლული. მინისტრის თქმით, იზადი აფინანსებდა და აიარაღებდა პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ 7 ოქტომბრის თავდასხმის წინ. მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ყუმში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ირანული მედიის ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების სამიზნე ასევე ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ბირთვული კვლევითი კომპლექსი იყო. პროვინციის გუბერნატორის აცხადებს, რომ საშიში მასალების გაჟონვა არ მომხდარა. ავიაიერიშები ასევე განხორციელდა ისპაჰანის სხვა რაიონებზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.