საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დროებითი ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, ვითარება ყოველდღიურად მწვავდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, სომხეთის მხრიდან ტერტერის, აღდამისა და გორანბოის დაბომბვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას უარყოფს სომხეთის თავდაცვის უწყება და დილიდან ჩრდილოეთით, სამხრეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სდებს აზერბაიჯანს ბრალს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან უკვე მეოთხე დღეა და  მთიან ყარაბაღში ამ დრომდე არ შემდგარა ტყვეთა გაცვლისა და ცხედრების გადაცემის პროცესი. ორივე ქვეყნის პრეზიდენტი საომარი მოქმედებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესხებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის პრემიერი ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ყარაბაღში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის დაბომბვის ბრძანება პირადად ნიკოლ ფაშინიანმა გასცა.