საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
უკიდურესად მძიმე ვითარება ახლო აღმოსავლეთში.
ირანის წინააღმდეგ ამერიკის და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია გრძელდება. ავია იერიშების სამიზნედ იქცა თეირანში ირანის პრეზიდენტის ბიურო, უშიშროების უმაღლეს საბჭოს ოფისი, ირანელი სამხედრო ოფიცრების მომზადების ადგილი. ცოტა ხნის წინ დაიბომბა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა ასამბლეა. საპასუხო დარტყმები არ წყდება ირანიდან – სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი – იერიშები ძირითადად ამერიკულ ბაზებზე და ამერიკის საელჩოებზე ხორციელდება. თავდასხმების და უსაფრთხოების მკვეთრად გაზრდილი საფრთხეების გამო ამ ქვეყნებიდან აშშ-ს სამთავრობო პერსონალი გაჰყავს. სარაკეტო ინფრასტრუქტურის განადგურება, ბირთვულ იარაღზე წვდომის რისკების მინიმიზაციაა – ამ მიზნების მიღწევამდე ვაშინგტონი ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა სამ დღეში მიღწეული შედეგებით ტრამპი კმაყოფილია. 28 თებერვლის შემდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შედეგად ლიკვიდირებულია რეჟიმის 49 ლიდერი, განადგურებულია სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ობიექტები, დაზიანებულია ნატანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელი ობიექტი. თავდასხმას წინ უძღოდა ომანის შუამავლობით მოლაპარაკებათა სამი რაუნდი. თუმცა ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმება ვერ შედგა. წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ ტრამპმა ირანზე დარტყმები გადაწყვიტა. ვაშინგტონის პოზიციაა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვების გზაზე იყო, რაც შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზი გახდა. დღეს ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი ჟენევაში დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებებიდან. ირანი ბრალდებას უარყოფს და ამერიკასა და ისრაელს განადგურებით ემუქრება.