საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

კრემლის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციულ მოქმედებას განაგრძობს. საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

„17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, – განაცხადეს სუს-ში. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს სხვა გატაცებული მოქალაქეების მსგავსად, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ეს ორი მოქალაქეც მალე გათავისუფლდეს.