საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ექიმი

შეერთებული შტატები დე ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.

ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ მედიკოსის გასათავისუფლებლად, ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. ბოლო დღეების განმავლობაში, უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, საგანგებოდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც.

უკვე მერვე დღეა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რჩება. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ე.წ. სასამართლომ ქართველ მედიკოსს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.