სანქციების პოლიტიკა - შეფასებები

დილიდან შეფასებების თემაა ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციები. „ქართული ოცნების“ განცხადებით, სანქცირებულთა სია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინაციით შემუშავდა, რადგან სწორედ ორგანიზაციამ გაავრცელა ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების დეტალური აღწერა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გასული წლიდან სწორედ ესტონეთში არის დარეგისტრირებული. მმართველი გუნდი მათ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებს ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლობები საქართველოში და სიების შედგენა სწორედ მათი პრეროგატივაა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქცირებულთა სია რამდენიმე დღის წინ გაზარდა, ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.