პოლიტიკური შეფასებების თემაა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ქართველ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციებიც. ოპოზიციისთვის ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისადმი მეგობრობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. „ქართული ოცნების“ წევრები კი, დაწესებულ სანქციებს მკაცრად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, სანქცირებულთა განახლებული სია გუშინ გამოქვეყნდა. სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე მოხვდა. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე. აღნიშნულ პირებს გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები.