სანქციების აღსრულება - შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან

საქართველოში ვიზიტად მყოფ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენსა და კუმარ იერს საქართველოს პრემიერი შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე, უცხოელი სტუმრები საგარეო უწყებაში იმყოფებოდნენ, სადაც მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების საკითხში საქართველოს კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და სხვა სტუმრების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და ხაზი გაესვა მზაობას საქართველოსთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანის ურყეობა და ხელისუფლების მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებისთვის. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ბიზესის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტნიორების ხედვები მოისმინონ რადგან ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობები არის გადამწყვეტი. მათივე თქმით, უცხოელი სტუმრების ვიზიტი და შეხვედრები ნიშნავს, რომ მათთვის საქართველო მოიაზრება, როგორც მყარი პარტნიორი.