სანდუს ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ
მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრიტიკა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ნათქვამი სიტყვები ხელისუფლების მხრიდან გარე ძალების დავალებად ფასდება. განცხადებას, რომელშიც მაია სანდუმ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებულ ქვეყნად გამოაცხადა, ოპოზიციურ ფლანგზეც არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ. ბოლო გზავნილი ოპოზიციის ნაწილისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. სანდუს პოზიციონირების მიმართ ინტერესს განსაკუთრებულად ზრდის ის გარემოება, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპის ქვეყნების ლიდერები მოლდოვას საქართველოსთან შესადარებლად ხშირად ახსენებენ – როგორც ქვეყანას, რომელმაც, ევროკავშირის წარმომადგენლების აზრით, საქართველოსგან გასხვავებით ევროინტეგრაციის გზაზე სვლა წარმატებით განაგრძო და უკრაინის მიმართ სწორი პოზიცია დაიკავა. ოფიციალური კიშინეუს მიმართ ბრიუსელის დადებითი განწყობები იმ რეზოლუციებსა და ანგარიშებშიც აისახება, სადაც საქართველოს მიმართ ძირითადად მწვავე კრიტიკა და მძიმე ჩანაწერები გვხვდება. დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყნის პირველ პირს, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუმინეთთან შეერთების სურვილიც გააჟღერა, ოფიციალური თბილისი საერთაშორისო კვლევებში მოლდოვის გაუარესებულ მაჩვენებლებს და რეზონანსულ განცხადებებს ახსენებს. განსაკუთრებული აქცენტი ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მხარდაჭერაზე კეთდება.