სანდრო გირგვლიანის საქმე

საქართველოდან გაქცეულმა და არაერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს დღეს პირველად მისცა ჩვენება. დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს სკაიპით ჩაერთო. კუდის ექს-ხელმძღვანელი სანდრო გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდზე დაკითხეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული. საუბარია დანაშაულისთვის გასამართლებული პირების შეწყალების ეპიზოდზე. ახალაია, რომელიც გახმაურებულ საქმეში თავადაც ბრალდებულია, ამჯერად მოწმის სტატუსით წარდგა. თუმცა 2006 წელს მომხდარ დანაშაულთან  დაკავშირებული კითხვების დიდი ნაწილი ძებნილმა ექს-მაღალჩინოსანმა უპასუხოდ დატოვა. მოსამართლის დაინტერესების მიუხედავად, ახალაიას არც ის უთქვამს, სად იმყოფება ამ დროისთვის.