სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში

საქართველოში ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. პროექტით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.