სამთავრობო კომისიების სხდომა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია 5 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შესახებ, რომელზეც ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს. სხდომაზე ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმდინარეობას. კომისიების ერთობლივ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთი წლის ანგარიში.

სხდომაზე ასევე მიიღეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები.