სამშვიდობო ზავის პირობები – უთანხმოება აშშ-ევროკავშირს შორის
ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულ ფონს კიდევ უფრო აღრმავებს უკრაინის ომის დასრულების გზებზე გასხვავებული ხედვები.
ევროკავშირი, რომელიც ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე ზელენსკისთან მოლაპარაკებებს ამერიკისგან ცალკე აწარმოებს, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს წითელ ხაზად აცხადებს. სანამ ევროპის ლიდერები მშვიდობის მიღწევის პროცესში საკუთარი როლის და მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობენ, მედია სულ უფრო აქტიურად წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის პირველ პირზე სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გასაფორმებლად ზეწოლის ბერკეტებს აძლიერებს. თავის მხრივ ჟენევის, მაიამის, მოსკოვის და ფლორიდის შეხვედრების შემდეგ პროცესში პროგრესზე მიუთითებს ზელენსკი, რომელიც 20 პუნქტამდე შემცირებულ გეგმაზე მუშაობას დასრულებულად აცხადებს. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად რუსეთი უკრაინაზე შეტევებს განაგრძობს – მოსკოვიდან ევროპის ქვეყნების მისამართით დღეს მუქარის შემცველი ახალი გზავნილიც გაჟღერდა.