სამშვიდობო პოლიტიკა და სახიფათო რიტორიკა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დაპირისპირების კიდევ ერთი თემა ხდება. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაკეთებული სკანდალური განცხადებების ხაზს ყოფილი პრეზიდენტი განაგრძობს, რომელსაც გზავნილებს ოპოზიციის ნაწილიც უწუნებს და გაჩუმებას სთხოვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერის პოზიციის გამო, განმარტებების გაკეთება უწევს და ცდილობს, ახსნას, რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი, როცა ეთნიკური აფხაზების მხრიდან ქართველების სიძულვილზე საუბრობს და ნდობის აღდგენის პროცესით და შერიგებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გამორიცხავს.
მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში გახშირებულ ყველა განცხადებაში ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიზანმიმართულად ხელშეშლის სურვილს ხედავს და ოპონენტებს შუღლის გაღვივებისა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.
ერთიანი კამპანიის ნაწილად და საფრთხის შემცველი რიტორიკის კონტექსტში განიხილება შედარებები სომხეთის მაგალითთან და ქართველი ჯარისკაცების მიმართ წაყენებული უმძიმესი ბრალდებებიც.