სამშვიდობო მისია ავღანეთში

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონის გამგზავრების მორიგი ეტაპი განხორციელდა.  ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლის წინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა გააკეთეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.