28-პუნქტიანი გეგმა შემცირებულია – დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მომზადებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი სადავო პუნქტი ტერიტორიულ საკითხს ეხება.
დიდი ალბათობით, საუბარია იმ პუნქტზე, რომელიც ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის რუსეთის დე-ფაქტო ტერიტორიებად აღიარებას გულისხმობს. მოლაპარაკებების მიმდინარეობით ამერიკის პრეზიდენტი კმაყოფილია. მომდევნო კვირა, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება – დონალდ ტრამპის წარმომადგენელი პუტინს უნდა შეხვდეს, უკრაინულ მხარესთან სასაუბროდ კი აშშ-ის პირველი პირი არმიის მდივანს გზავნის. თეთრი სახლის ლიდერის კიდევ ერთი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი როლის და უფლებების ხაზგასმას ცდილობს ევროპა, რომელმაც კორექტირებამდე გეგმის პირველი ვერსია კაპიტულაციად გამოაცხადა. როგორ დაიწერა თავდაპირველი სამშვიდობო გეგმა, რომელიც თითქმის ოთხწლიანი საომარი მოქმედებების დასასრულებლად შესაძლოა გარდამტეხი დოკუმენტი აღმოჩნდეს – „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული მასალები ტრამპის გეგმის მზადების გარშემო ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს.