ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განსახილველი თემა ამერიკის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს. საკითხზე შტატების, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები მსჯელობენ. დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება. მანამდე კი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე კონსტრუქციულად არის განწყობილი და უკრაინისთვის მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად აგრძელებს მუშაობას. როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი – სტივ უიტკოფი და დენ დრისკოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.