სამშობლოს ღალატის მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატს და ამ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე პირველი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ესენია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება – ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი.   კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონმდებლობა 1991 წლიდან ითვალისწინებდა, თუმცა აღნიშნული ნორმა 2007 წელს კოდექსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ამოიღეს.