სამშენებლო ამნისტიის მოლოდინში

მოგვარდება თუ არა ბათუმში არსებული მრავალწლიანი პრობლემა.

ქალაქში დაახლოებით 300 უკვე შესახლებული მრავალბინიანი კორპუსი მდებარეობს და ისინი მერიას დღემდე არ აქვს მიღებული ექსპლუატაციაში. შესაბამისად ამ სახლების მობინადრე ოჯახები მუნიციპალური სერვისებით ვერ სარგებლობენ და ბევრი ვერც შეძენილი ბინის საკუთრებაში დარეგისტრირებას ახერხებს. ქალაქის მერიაში მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სამშენებლო ამნისტიის გამოცხადება, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ოპოზიცია მას სკეპტიკურად უყურებს და ეჭვობს, რომ ის შესაძლოა გახდეს კორუფციის წყარო და უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების გზა. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ამნისტია არ ითვალისწინებს უკანონო და უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებული სახლების ლეგალიზებას. მათი განმარტებით, დაკანონდება მხოლოდ უმნიშვნელო გადაცდომების გამო ჩაუბარებელი მშენებლობები.

მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი ბათუმიდან.