სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის ერთ-ერთ მონაწილე ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯება მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. პროცესს ესწრება ერთ-ერთი დაზარალებული, გურამ როგავა. მისი თქმით, დაკავებული სპეცრაზმელების აღნაგობა არ ემთხვევა კადრებში ნანახი პირის აღნაგობას. სპეცრაზმელების უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. სამივე თავდასხმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციების დროს მოხდა. ხუთი დაკავებულიდან სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ხუთივე დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.