სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება – სასამართლო პროცესი

15:15, 30.06.2026

პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავაზე და აქციის ერთ-ერთ მონაწილე ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა, სხდომაზე ასევე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება და ყველა მათგანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. პროცესს ესწრებოდნენ დაზარალებულები – გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი. როგავას თქმით, სპეცრაზმელმა სხდომათა დარბაზში ბოდიში მოუხადა, თუმცა როგავა არ არის დარწმუნებული, რომ დაკავებული პირი ნამდვილად მასზე თავდამსხმელია. შსს-ს მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ჟურნალისტსა და საპროტესტო აქციის მონაწილეზე ძალადობრივ თავდასხმებში ედებათ ბრალი. სამივე თავდასხმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციების დროს მოხდა. ხუთი დაკავებულიდან სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. ირკვევა ისიც, რომ ერთი ყოფილი სპეცრაზმელი ბოლოს სუს-ში მუშაობდა. ხუთივე დაკავებულის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, როგავას ეპიზოდზე კი – დაკავებულ პირს, დამატებით წარედგინება ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი