სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთანხმებით, ერთ-ერთი მოქალაქე  საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.