სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საქმე

ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით დააკავეს, ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებული რაიმე დანაშაულში მონაწილეობას გამორიცხავს და ბრალს არ აღიარებს.

დავით დადიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ შეხვდა. დაკავებული ამ დრომდე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.