სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში მეორე დღეა მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრო. სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.