სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმში

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული 9 ახალგაზრდა დღეს დაკრძალეს. მხოლოდ ერთის დაკრძალვაა დაგეგმილი ხუთშაბათს. დღეს 5 გარდაცვლილის სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში გაიმართა. სამძიმრის გამოსახატავად ეკლესიაში ასობით ადამიანი მივიდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ აჭარის ხელისუფლების პირველი პირები, საქართველოს თავდაცვისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები. ადგილზე სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელიც მივიდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. პარალელურად გრძელდება საგამოძიებო პროცესი. დასრულდა ტერიტორიის შესწავლა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, მიმდინარეობს სასტუმროს თანამშრომელთა გამოკითხვა. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ სასტუმროს მფლობელი.