ანა დოლიძის სარჩელი დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძე სასამართლოს მეშვეობით დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა.
გვრიტიშვილის განცხადებით, დოლიძე ერთ-ერთ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, იმყოფებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აგროვებდა მონაცემებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. დოლიძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ ის ფაქტიც აყენებს, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის მომხსენებელი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე იყო, რომლის საქმიანობაც მას იუსტიციის საბჭოს წევრობის დროს კრიტიკულად აქვს შეფასებული, შესაბამისად, არსებობდა ვარაუდი, რომ მოსამართლე მიუკერძოებლად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას.