სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, თუ რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.

განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე. სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და რუსეთიდან ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა.