სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

განცხადებას ავრცელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში შეიზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მათივე ცნობით, სააგენტო შეისწავლის ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება. „სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს. სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს ოპერირება საქართველოში Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.