სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხი

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასებთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, პირველი სხდომა გუშინ გამართა და ხორცპროდუქტების, რძისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მიმდინარე კვირაში, კომისიის სხდომაზე გაესაუბრებიან ხილ-ბოსტნეულისა და წვენების მწარმოებლებს. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, სექტორი გაჯანსაღდება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები შემცირდება. ოპოზიცია კი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და ფარსს უწოდებს.