სამომხმარებლო ფასები – სამთავრობო კომისიის შეხვედრა ბიზნესთან 

21:10, 21.01.2026

რა იწვევს მაღალ ფასნამატს სასურსათო პროდუქციაზე – ფასების შესამცირებლად შექმნილმა სამთავრობო კომისიამ შეხვედრები დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლები მივიდნენ. არსებობს თუ არა რესურსი პროდუქციის გასაიაფებლად და რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს კომისია, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე მინისტრი და სუს-ის უფროსი არიან. როგორც ირკვევა, დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლების მიმართ კონკრეტული შეკითხვები დაისვა. ხელისუფლება ევროპულ პროდუქტებთან შედარებით საკმაოდ მაღალ, 86%-იან ფასნამატზე მიუთითებს და ფასების შესამცირებლად გზებს ეძებს. თავის მხრივ კომისიისთვის ციფრების და ფასის ფორმირების მეთოდოლოგიის წარსადგენად მზად არის სექტორი, რომლის ცალკეული წარმომადგენლები ფასების კლებისთვის გარკვეული მექანიზმების გამოყენებაზე მიანიშნებენ – იყო მითითება საბანკო შეღავათებსა და საგადასახადო პოლიტიკის ლოიალურობაზე. როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ , ერთი მხრივ, ბიზნესის თავისუფლება დაიცვას და მეორე მხრივ მოაგვაროს სურსათის მაღალი ფასების პრობლემა, რომელიც წლებია, მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს – დღევანდელ შეხვედრაზე ის ფაქტორები განიხილეს, რომლებიც ფასნამატის ზრდაზე გავლენას ახდენს. აპრილამდე კომისიამ კონკრეტული შედეგები უნდა წარმოადგინოს.

მსგავსი