მსოფლიო მედია ისტორიული შეხვედრის მოლოდინშია – თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მწვავე კონფლიქტის შემდეგ, შესაძლოა, ბაქო და ერევანი რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მასპინძლობს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე უწოდა „ისტორიული სამშვიდობო სამიტი“. ვაშინგტონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის მიზნით, ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლითაც 1992 წლიდან მოქმედ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაშლას მოითხოვენ. კონფლიქტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა მარტში დაიწყო, როდესაც თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვიდან ბაქოში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.