სამხედროებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალი დალაშქრეს
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს. სამხედროებმა ფშავში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებმა მსვლელობით 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს. მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალზე ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, მის დაბადების დღეზე იმართება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, სსიპ თავდაცვის მოხალისის მიერ იქმნება ეროვნული გმირების სახელობის სალაშქრო ბილიკი, რომლის ფარგლებშიც მოხალისეები სამი ეროვნული გმირის – მიხა ხელაშვილის, გურამ იარაჯულის და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალებს მოივლიან.