უკვე მესამე დღეა ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანის დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელმა დარტყმები განაახლა. გავრცელებული ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა 80 სამიზნეზე მიიტანა იერიში. მათ შორის ბირთვულ სამეთაურო, კვლევით და განვითარების ცენტრებზე, რომლებიც ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობენ. დაბომბილია შაჰრანის ნავთობის საცავიც. იერიში მიიტანეს ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზეც. საერთო ჯამში კი, ისრაელმა ოპერაციის დაწყების შემდეგ, 250 სხვადასხვა ობიექტი დაბომბა. ცოტა ხნის წინ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღების წარმოების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ იერიშებს, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევის ადგილი პრეზიდენტმა და პრემიერმა მოინახულა. რამდენიმე წუთის წინ კი ამავე ტერიტორიაზე ისევ გაისმა განგაშის სიგნალი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ბოლო 3 დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 13-ს, დაშავებულთა კი 400-ს აღწევს.