ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით იერიში რამდენჯერმე მიიტანა. ისრაელის ქალაქ ბათ იამში ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაღუპულია 6 და დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბევრი ბავშვია. დაკარგულად ითვლება დაახლოებით 20-მდე ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამასთან, ირანის იერიშის შედეგად, ისრაელის ქალაქ ტამრაში რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა, დაღუპულია 4 ადამიანი. საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 380-ზე მეტი კი დაშავდა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. პარალელურად, ისრაელი თეირანს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა, მათ შორის დაბომბილია შაჰრანის ნავთობის საცავი. იერიში მიიტანეს ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზეც. ისრაელის შეიარაღებული ძალები იარაღის საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებ თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება. ისრაელის პრეზიდენტი კი მსოფლიო ლიდერებს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.