ქაშმირის სადავო რეგიონი აზიის ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის შეირაღებული დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა.
დღეს დილით ინდოეთმა პაკისტანის კონტროლირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. სწორედ პაკისტანს აკისრებს პასუხისმგებლობას ოფიციალური დელი 22 აპრილს რეგიონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე. დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც. ოპერაცია „სინდურის“ ფარგლებში ინდოეთმა მთავარ სამიზნედ ტერორისტული ჯგუფების ობიექტები დაასახელა, რომელთა მხარდაჭერაში ოფიციალური დელი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურს ადანაშაულებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს და დღევანდელი თავდასხმის გამო საპასუხო მოქმედებით იმუქრება. გაისმა მუქარის შემცველი გზავნილიც – სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში ისლამაბადი ინდოეთს დაპირისპირების ბირთვულ ომში გადაზრდაზე აფრთხილებს.