სამხედრო დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის

„პაკისტანზე განხორციელებული იერიშის გამო ინდოეთს საფასურის გადახდა მოუწევს.“ – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. სატელევიზიო მიმართვის დროს მან აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახლა საჭიროა პაკისტანელი ხალხის სიმამაცე, რადგან ისინი სიმართლისთვის იბრძვიან. თავდაცვის მინისტრის თქმით კი, ინდოეთზე პაკისტანის იერიშები მხოლოდ სამხედრო პუნქტებზე განხორციელდება და  თავდასხმები სამოქალაქო ობიექტზე არ მოხდება.

„ჩვენი სამიზნეები არასდროს იქნებიან მოქალაქეები. ვიმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეს საერთაშორისო დაპირისპირება მხოლოდ სამხედრო სამიზნეებით იქნება შეზღუდული“, – განუცხადა პაკისტანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 57 დაშავდა.