„სამხედრო ცენტრის“ წევრების დახვრეტიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „სამხედრო ცენტრის“ წევრების დახვრეტიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
„სამხედრო ცენტრის“ წევრები, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი და სხვები, დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში 1923 წლის 21 მაისს, გამთენიისას, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოიყვანეს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარდგენილ ექსპოზიციაზე გამოიფინა „სამხედრო ცენტრის“ წევრების ფოტოები ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად. ეს უნიკალური და ბევრისთვის აქამდე უცნობი მასალა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, ასევე ეროვნულ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში ინახება. ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არიან.