სამი წელი 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისის ღამეს, ძლიერი წვიმისა და ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ადიდებულმა მდინარე ვერემ სვანიძის ქუჩა, ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია და ვერეს ხეობაში გამავალი ახალი გზის მონაკვეთი დატბორა.

13 ივნისს წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  გარდაცვლილებს შორის ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველებიც იყვნენ. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზოოპარკი, დაიღუპა ცხოველების დიდი ნაწილი. გადარჩენილები კი ვოლიერების დატოვების შემდეგ ქალაქში აღმოჩნდნენ.

წყალდიდობისას 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. სტიქიის დროს დაღუპულები გაიხსენეს დღეს 13 ივნისის მემორიალთან. სასულიერო პირებმა ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ როგორც დაღუპულთა ოჯახის წვერები, ისე პოლიტიკოსები. თბილისის მერმა მემორიალი გვირგვინით საკრებულოს წევრებთან ერთად შეამკო.