სამი ლიდერის შეხვედრა
ჩინეთის ქალაქი შენჭენი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
ისტორიაში პირველად, ხვალ რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. პუტინი და ტრამპი უკვე შენჭენში არიან და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს ესწრებიან. სწორედ ამ სამიტის ნაწილია ხვალინდელი შეხვედრა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომია. დაგეგმილია უსაფრთხოების საკითხების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების და ბირთვული იარაღზე კონტროლის საკითხის განხილვა. მხარეთა განსხვავებული პოზიციების ფონზე სამმხრივი ფორმატის მიმართ მოლოდინებიც არაერთგვაროვანია. უკვე გაიმართა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. გაკეთდა აქცენტები მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე. რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის გათვალისწინებით, შენჭენში დაგეგმილი ხვალინდელი სამიტი და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პირველ პირებთან პუტინის ყოფნა განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. აგვისტოს შემდეგ რუსეთის და ამერიკის პირველი პირები ჩინეთში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.