სამი ევროდეპუტატის ერთობლივი განცხადება – პოლიტიკური შეფასებები
ისევ ულტიმატუმი, არაღიარება და მუქარა სანქციებით – სამი ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და დიალოგისთვის ოფიციალური თბილისისგან უპირობო ნაბიჯებს მოითხოვს. აქამდე არაერთგზის გაჟღერებული პრეტენზიების გარდა, ევროპარლამენტარების ჯგუფი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევის აუცილებლობაზეც საუბრობს. იმის გამო, რომ უკრაინასა და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვისას მსგავსი შინაარსის კრიტიკა არ მოუსმენიათ, მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებენ, არ ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სტრუქტურებს არაერთხელ მიუთითა, დაეგმოთ 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენები, პასუხად ამ დრომდე მხოლოდ აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორების მხარდამჭერ განცხადებებს იღებდა. ამის ფონზე, მმართველი გუნდი სარჩელზე სამართლებრივი ინფორმაციის მიწოდებისა და პოლიტიკური დიალოგისთვის მზაობას ისევ გამოთქვამს.