საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები – ოლივიე კურტო, პეტერ ფიშერი და გარეთ უორდი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ სათაურით: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“. სტატიას საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში, რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ ზომების მიღებით. ამასთან, როგორც ელჩები სტატიაში აღნიშნავენ, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ფარგლებში, რათა გაძლიერდეს თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ელჩები მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები“. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს – ენერგეტიკულ მდგრადობას.“