სამგლოვიარო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 

2026 წლის 17 მარტი მძიმე თარიღად იწერება საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა გლოვობს. ერი სულიერ მამას ემშვიდობება. საქართველოს 141-ე  კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი დაახლოებით ორი საათის წინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სწორედ სამებაში მიმდინარეობს პანაშვიდი. მრევლს მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სინოდის მიერ დაკრძალვის თარიღი დადგენილია. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ეს იყო ილია მეორის სურვილი, რის შესახებაც სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ხალხი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს უკანასკნელ პატივს მიაგებს. ეკლესიაში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. ტაძარი, ეზო და მიმდებარე ტერიტორია მრევლითაა სავსე. ამაღელვებელი კადრები და სამგლოვიარო პროცესია – „გვიყვარხართ, პატრიარქო,“ – საგალობლების ფონზე ამ სიტყვებით მიაცილებდა საპატრიარქოდან გამოსვენების შემდეგ პატრიარქს უამრავი მოქალაქე სამებამდე. მსვლელობას წინ ჯვრებით ხელში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და ჩოხოსნები მიუძღოდნენ. ქვეყანაში გლოვის დღეები 23 მარტამდე გაგრძელდება.

სამების საკათედრო ტაძარში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს, – გენო ოსიყმაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.