საქართველოში გლოვის დღეებია. ქვეყანა სულიერ წინამძღოლს უკანასკნელ პატივს მიაგებს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ილია მეორე მისი იდეით და ლოცვა-კურთხევით აგებულ ტაძარშია დასვენებული. ხალხის ნაკადი არ წყდება. მრევლი ჩამოდის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. თითოეულ მათგანს უწმინდესთან და უნეტარესთან მიახლების და გამომშვიდობების საშუალება აქვს. ტაძარში მიდიან პოლიტიკოსები, ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ხალხმრავლობის გამო ტაძარში რიგების მოსაწესრიგებლად რეგულაციებია დაწესებული და სპეციალური ჯებირებია მოწყობილი. კონტროლდება, რომელი კარიბჭიდან უნდა შევიდეს ნაკადი და რომელი გასასვლელიდან უნდა დატოვონ ეკლესია. მოქალაქეებს პანაშვიდზე მისვლა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ – ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. აღევლინება სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 17 მარტს 93 წლის ასაკში, კლინიკაში გარდაიცვალა.